უამინდობას უკრაინაში მსხვერპლი მოყვა. გადაუღებელ წვიმას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ძლიერი ნალექის გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დასავლეთის რეგიონებში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
ძლიერი წვიმა უკრაინაში 22 ივნისს დაიწყო. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩერნოვცისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წყალდიდობისას დაიტბორა დაახლოებით 187 სოფელი და 5 000-მდე სახლი.
სტიქიის ზონაში 4 ვერტმფრენი და 150-მდე ჯარისკაცი იმყოფება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნოვცის მხარეში სტიქიამ დაანგრია ორი კაშხალი, რის გამოც 300-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო.











