NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის დამტკიცებას ეხმაურება. მისი თქმით, კანონი ჰონგ-კონგის ავტონომიას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ნათელია, რომ ჩინეთი ჩვენს ღირებულებებს – დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას, არ იზიარებს. ეს კანონი ჰონგ-კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა იქნება“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონი ჩინეთს ჰონგ-კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.
ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება გამოყოფისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ცენტრალური მთავრობის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ტერორიზმი ან უცხოურ და გარე ძალებთან შეთქმულება.
ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგში გახსნის ახალ ოფისს, რომელიც იმუშავებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე და ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის, ჰონგ-კონგის სკოლებში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ განათლების მონიტორინგი.
ჰონგ-კონგს ევალება, შექმნას ეროვნული უსაფრთხოების კომისია, რათა შეასრულოს ახალი კანონით გათვალისწინებული პირობები პეკინის მიერ დანიშნულ მრჩეველთან ერთად.











