ტელეკომპანია „პირველში“ არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს უბრალოდ ტყუილია, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი სასამართლოს განჩინებას.
„ძალიან არ მინდა, რომ ახლა თქვენგან აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებები ჩაშლას. იმედია, ასე არ არის და ოპოზიციის წისქვილზე არ ასხამთ წყალს, მის ნარატივს არ აჟღერებთ. ამ განჩინებაში ძალით შეჭრა არ იგულისხმება. რაც შეეხება გამოძიებას, რადგან გამოძიება დაიწყო, რადგან გამოძიებას ითხოვდით თქვენც და ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. არ არსებობს რაღაც მასალა? ვერ მიაწოდებთ რაც არ არსებობს, რაც გაქვთ მიაწოდებთ. მე რასაც ვუსმენდი და შეიძლება არასწორად მახსოვს, თქვენს ეთერში ამბობდნენ რომ მოგვიტანეს „ფლეშკა“, კონვერტი და იყო ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ვიცით. ვერანაირ წყაროზე ვერავინ გავა. თუ თქვენ არ იცით წყაროს ვინაობა, მითუმეტეს, პროკურატურას ვერაფერს ეტყვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.
„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ მოითხოვა რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს, “- ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.
„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.











