შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ეხება ამნისტიას, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლობიანი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება პარლამენტსა და ნორმალურ კალაპოტში.
„მათ, ვინც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შეასრულონ ისევე პასუხისმგებლობიანად, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება დავას რედაქციებთან დაკავშირებით, ითქვა, თითქოს მმართველ გუნდს აქვს თავისი რედაქცია, ოპოზიციას თავის რედაქცია. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად არის თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომლებიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული. მიშელის შეთანხმებაში ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპია, რომ ამნისტია იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლობას პარლამენტში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ მოთხოვნას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების დამახინჯებით, ან ფრაგმენტული პროექტით დახურავს 20 ივნისის საკითხზე დაპირისპირებას, აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს ბატონი მიშელი იმიტომ, რომ მის შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.











