დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თანამშრომლების ინფიცირების მიუხედავად, მეტრო არ გაჩერდება და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება, საჭიროების შემთხვევაში კი მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.
როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მეტროს 20 მემანქანეს ტესტიერბის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.











