„ვადამდელი არჩევნები“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, – ამ ლოზუნგებით დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქობულეთში შეიკრიბენ და აჭარის რეგიონში ავტომობილებით აქცია-მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას ბათუმიდან და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდება მათი მხარდამჭერები და პირველ საათზე დასრულდება ხულოში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბონდო თედორაძის განცხადებით, თბილისში 20 მარტს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან და დღევანდელი აქტივობაც ამ მიზნით იმართება.
„13 მარტს დაანონსებული აქცია გადავდეთ, პატივი ვეცით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეგვეშალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მოდუნდა, ჩვენ ვიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით, რათა ყველას მოვუხმოთ 20 ივნისს დედაქალაქისკენ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ 20 მარტს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ! “- აცხადებს ბონდო თედორაძე.


ავტორი: ნაირა ქობულაძე











