ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
ხუთკაციანი ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძეა, შსს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
როგორც პროკურატურა განმარტავს, მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და 5 დღის განმავლობაში ემალებოდნენ გამოძიებას.
იური ლომაძის დედა, თამუნა მორჩილაძე არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას და განმარტავს, რომ მოქალაქე გატაცებული არ ყოფილა და დაკავებულებმა, ის ბოდიშის მოსახდელად წაიყვანეს ოჯახში, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
დანაშაული 2-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.











