თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მუნიციპალიტეტს, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ მოქალაქეებთან გვქონდა კომუნიკაცია. ბევრი შეხვედრა გაიმართა. მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც 2 მილიონი ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო არსებული პრობლემის მოგვარებაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.











