მკვლევარების თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე „საკმაოდ სწრაფად“ იკლებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ჩვენს ორგანიზმში არსებული ანტისხეულები ორგანიზმს იცავს და ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს.
The Imperial College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემბრის შუალედში 26%-ით დაიკლო.
მათი თქმით, ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქრება და რეინფიცირების რისკი არსებობს.
კერძოდ, REACT-2 კვლევის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 350 000-ზე მეტმა ადამიანმა ე.წ. ანტისხეულების ტესტი გაიკეთა.
კვლევის პირველ ეტაპზე (ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში) 1 000 ადამიანიდან 60-ს ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდა.
სექტემბერში ჩატარებულმა ტესტებმა კი აჩვენა, რომ 1 000 ადამიანიდან ანტისხეულები მხოლოდ 44-ს აღენიშნებოდა.
„იმუნიტეტი საკმაოდ სწრაფად იკლებს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემრის შუალედში 26%-ით შემცირდა“, – აღნიშნავს პროფესორი ჰელენ ვარდი.
ანტისხეულების დონემ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო სწრაფად იკლო, ვიდრე ახალგაზრდებში.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში, ანტისხეულების დონე ორგანიზმში შედარებით მაღალი დარჩა. მკვლევართა აზრით, მსგავსი შედეგი, შესაძლოა, ვირუსთან „მუდმივი კონტაქტით“ იყოს გამოწვეული.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების მცირე რაოდენობაა დაფიქსირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები კორონავირუსით მეორედ ინფიცირებას უფრო მარტივად გადაიტანენ.











