ათეულ წელზე მეტია, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, სასმელ წყალს ითხოვს. წლების განმავლობაში, 16 ოჯახი, სასმელი წყლით, რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ჭაბურღილიდან სარგებლობდა, რომელიც დაშრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი, წყალს, ვერც ახლომდებარე სოფელ შალაურის მოსახლეობისათვის დამონტაჟებული წერტილიდან იღებენ.
„ერთი წერტილია დამონტაჟებული სოფელ შალაურისათვის, რომლიდანაც ზოგჯერ ვსარგებლობდით, მაგრამ არ გვიშვებენ. ათეულ წელზე მეტია, ასე ვართ, წვიმას ველოდებით, რომ მოსახმარი წყალი ავიღოთ. ვისაც ავტომანქანა ჰყავს, ეზიდება და ვისაც არა, ასე ვიტანჯებით. ცოტა ხნის წინ, დევნილებისთვის გაყვანილი მილი დაზიანდა და იქიდან ამოსულ წყალს ვეზიდებოდით. ყველა არჩევნებზე გვპირდებიან და პატრონი არ გამოგვიჩნდა, წლებია“, – განაცხადა სოხუმის ქუჩის მცხოვრებმა, ხათუნა კბილაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემას აღიარებენ და აცხადებენ, რომ მისი მოგვარებისათვის მუშაობენ.
მერის მოადგილე, დავით ბეგიაშვილი ამბობს, რომ მერიის შუამდგომლობით, სოხუმის ქუჩის მცხოვრებლებთან სასმელი წყლის მიყვანა დაჩქარდება.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წყლის მიყვანა ამ ოჯახებამდე დაჩქარდეს. ჯერჯერობით, ცისტერნებით მივაწვდით წყალს“, – განაცხადა ბეგიაშვილმა.
კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მოსახლეობას წვიმისა და მერიის მიერ მიწოდებული წყლით სარგებლობა, ჯერ ცნობილი არ არის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











