საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში რეინფიცირების 10-15 შემთხვევაზე მეტი არ დაფიქსირებულა.
„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ 10-15 შემთხვევაზე მეტი არ არის და ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმისი, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ბრიტანული შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან სწორედ ბრიტანული შტამია და რეინფიცირების სულ 10-15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.