Thomson Reuters Foundation-ი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს სტატიას უძღვნის და წერს, რომ არჩევნებში 66 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
გამოცემა წერს, რომ ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იმართება.
„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნებზე სწორედ „ოცნებამ“ დაამარცხა. „ქართული ოცნების” ლიდერი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. ის 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა ივანიშვილს ხშირად არაფორმალურ მმართველს უწოდებენ.
150 ადგილიან პარლამენტში 120 დეპუტატის არჩევა პარტიული სიებით მოხდება, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ. გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს“,- ვკითხულობთ სტატიაში.
Thomson Reuters Foundation-ი ვარაუდობს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ მოხვდებიან.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ ეგზიტპოლები გამოქვეყნდება, რომლებსაც 4 ორგანიზაცია დამოუკიდებელი ტელევიზიების დაკვეთით ატარებს. არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო კომისია 1-ელ ნოემბერს დილით გამოაქვეყნებს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











