აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში.
„ამ მიმართულებით, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მობილიზება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება. როგორც მედპერსონალის , ასევე ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია ჩართული. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაქცეულიყო მძიმე პაციენტების მართვის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება, მისი აღჭურვა გაგრძელდება. ჩვენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიძინეთ, როგორც დამატებით დიალიზის აპარატები, ასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება.
იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებულნი, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც ყოველდღიურად , საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან და კითხულობენ ძალიან ბანალურად, თუ რისი გაკეთება შევძელით – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს მათ შორის ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
რაც შეეხება გაფართოებულ წერტილოვან შეზღუდვებს, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ აუცილებლად და ეს არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცობას, მის სიჩქარეს და ამ მიმართულებით, ჩვენ არ გვავიწყდება, რომ მოქალაქეების, მათ შორის ბიზნესის მდგომარეობა მძიმდება და სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში ამოქმედდა ახალი კონკრეტული ღონისძიებები , რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, მოქალაქეების, თვითდასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას”, – განაცხადა რიჟვაძემ.











