თურქეთი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით, შაბათ-კვირას კომენდანტის საათს აწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კომენდანტის საათი მხოლოდ შაბათ-კვირას იმოქმედებს და მის ფარგლებში ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ახალი რეგულაციის მიხედვით, 20 წლამდე პირებს სახლიდან გასვლა კვირის განმავლობაში მხოლოდ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. გასულ კვირას ანალოგიური შეზღუდვა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ამოქმედდა.
ქვეყანაში წლის ბოლომდე კინოთეატრები არ გაიხსნება. სავაჭრო ცენტრები, და სილამაზის სალონები 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება.











