მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს თანამდებობისთვის შესაბამისი სამედიცინო განათლება მიღებული არ აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმაურება.
გოცირიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრობისთვის ექიმობა აუცილებელი არაა და ამგვარი შეხედულებები საბჭოთა ცნობიერების გადმონაშთია.
“როგორც წესი, ჯანდაცვის მინისტრი არაა ექიმი და არც სოფლის მეურნეობის მინისტრია აგრონომი. ასეთი წარმოდგენა საბჭოთა ცნობიერების გადმონაშთია. მინისტრი არის პოლიტიკოსი და კომპეტენტური მენეჯერი.
ტიკარაძე არის არაკომპეტენტური და ”თანამდებობისათვის შეუფერებელი”. მისი, ივანიშვილის პირადი ”გულის ექიმი” იყო მანანდე მინისტრი და არავინ უწუნებდა ხელობას, უწუნებდა არაკომპეტენტურობას როგორც დარგის მენეჯერისას.
ივანიშვილის მიერ სხვადასხვა დონის თანამდებობაზე ადამიანების შერჩევის პრინციპი არის ქვეყნის თითოეული მოქალაქის აბუჩად აგდება და პატრონ-ყმური, ფეოდალური მიდგომებით ქვეყნის მართვა.
სანამ ეს არ მორჩება, არც ამ ქვეყანას ეშველება”, – წერს რომან გოცირიძე.











