შეფასებები, თითქოს ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დგება საარჩევნო უბნებში, ამას აკვირდება 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, ექვსი ათასამდე მედიის წარმომადგენელი და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ოქმებს საკუთარი ხელმოწერით. რაც მთავარია, ეს ოქმები ყველა საარჩევნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე, თითოეულ მათგანს აქვს უბნიდან წაღებული შემაჯამებელი ოქმი და მათ აბსოლუტურად ზუსტად შეუძლიათ, აიღონ ხელში არსებული ოქმი და შეადარონ იმ ოქმებს, რომელიც ჩვენ ვებ-გვერდზეა განთავსებული. შესაბამისად, ის არასერიოზული შეფასებები, რომლებიც გულისხმობს, რომ გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის, იქნება ეს ოლქი თუ ცესკო, ეს არის აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავის ისტორიიდან აქვს წაშლილი“, – განაცხადა ჟვანიამ.
ჟვანიას თქმით, ცესკო ემსახურება ხალხს და არც ერთ პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს არ მოემსახურება.
„ცესკო დათვლის შედეგებს ზუსტად ისევე, როგორც ითვლიდა. მე მახსენდება, იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებდნენ არჩევნების თითქოსდა შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი იყო ზუსტად ისეთ, როგორიც ჩვენი. მინდა მოსახლეობას მივმართო, ნუ აყვებით პოლიტიკურ ინტერესებს და ხელი შეუწყეთ, პატივი ეცით, პირველ რიგში, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ნებას. მერწმუნეთ, ცესკო ბოლომდე ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული ამომრჩევლის ნება იყოს ასახული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.











