ახალი კორონავირუსის პრევენციისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ რეჟიმში ჩატარების მიზნით, ცესკომ არჩევნების კოვიდ-სტანდარტი განსაზღვრა. წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებს სპეციალურად დადგენილი წესების დაცვა მოუწევთ.
სტატიაში, მიმოვიხილავთ ცესკოს “სწავლების ცენტრის” მიერ მოწოდებულ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო, საარჩევნო პროცესში შევიდა.
კენჭისყრის დღისთვის, COVID-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული პრევენციული ღონისძიებები
| სანიტარულ-ჰიგიენური ღონიძიებები
- უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრისთვის განსაზღვრული შენობის დალაგება და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.
- კენჭისყრის დღის განმავლობაში პერიოდულად განხორციელდება კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია;
- კენჭისყრისთვის განკუთვნილი შენობა აღჭურვილი იქნება დეზობარიერითა და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხელის დასამუშავებელი ხსნარით (კენჭისყრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვებისას ხელის დეზინფექციის მიზნით);
- კენჭისყრის დღისთვის კენჭისყრისთვის გამოყოფილ შენობებში განთავსებული იქნება ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი დახურული კონტეინერი.

| კენჭისყრისთვის განსაზღვრულ შენობაში შესვლა/გამოსვლის და შენობაში ყოფნა/გადაადგილებისას დადგენილი წესები:
- ამომრჩეველთა თერმოსკრინინგი (ტემპერატურის შემოწმება) არ განხორციელდება.
- ამომრჩეველი, ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით, იდენტიფიცირების მიზნით, იხსნის პირბადეს. ამომრჩეველი, რომელიც პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს პირბადეს არ მოიხსნის, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა;
| პირბადის ტარება
- პირბადის ტარება სავალდებულოა ამომრჩევლისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირისთვის;
- პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით ან შესაბამისი ავადმყოფობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტით.
- პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე პირს აძლევს გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს პირბადის ტარების კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევას, კომისიის თავმჯდომარე მას შენობის დატოვებისკენ მიუთითებს. თუ დამრღვევი არ ასრულებს მითითებას კენჭისყრისათვის განკუთვნილი შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების თაობაზე;

| ხმის მიცემის პროცესი
- კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, ამომრჩეველი ხელებს შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით იმუშავებს.
- ამომრჩეველი, შენობაში შესვლისას, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან მარკირების შემოწმების პროცედურას გადის.
- მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგენ პირადობის მოწმობას ან პასპორტს. ამ შემთხვევაშიც, ამომრჩეველი დროებით იხსნის პირბადეს;
- სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა;
- იდენტიფიცირების შემდეგ, ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით აწერს ხელს. ამავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას;
- ამომრჩევლებმა გამოყენების შემდეგ კალმისტრები სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ;
- ხმის მიცემისა და სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს;
- კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობის გასასვლელში ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა;
პასუხები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებზე:
| წაშლის თუ არა სადეზინფექციო სითხე მარკირებას?
არა.
ცესკოს „სწავლების ცენტრის“ ინფორმაციით, ცდებმა აჩვენა, რომ სადეზინფექციო სითხე მარკირებას არ წაშლის და მისი მოშორება 2 დღის მანძილზე თითქმის შეუძლებელია.
| გამოიწვევს თუ არა სადეზინფექციო და მარკირების სითხის ერთად გამოყენება ალერგიულ რეაქციას?
არა.
„შევამოწმეთ და სადეზინფექციო და მარკირების სითხის ერთად გამოყენებას ალერგიული რეაქცია არ გამოუწვევია“,- აღნიშნავენ „სწავლების ცენტრში“.
| როგორ ხდება გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა?
- საარჩევნო ყუთის გადაადგილებასა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში აღჭურვილები უნდა იყვნენ და გამოიყენონ პირბადე, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები და ხელის სადეზინფექციო ხსნარი.
| როგორ განისაზღვრა საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები?
- კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ;
- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ ბიულეტენების დახარისხებისა და დათვლის პროცესის დანახვა.
| ამომრჩევლებისგან განსხვავებით, ჩაუტარდებათ თუ არა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს თერმოსკრინინგი?

კი, ჩაუტარდებათ.
- კენჭისყრისთვის განკუთვნილ შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და საარჩევნო პროცესისთვის საჭირო სხვა ადმინისტრაციულ რესურსს) შენობაში თერმოსკრინინგისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე არ დაიშვებიან.
- 37, ან 37-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას 5-წუთიან შუალედში. თუ ტემპერატურის გადამოწმების შემდეგ მას კვლავ დაუფიქსირდება ცხელება, ის კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება;
- თუ ცხელების დაფიქსირების გამო, კენჭისყრისთვის განკუთვნილ შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრისთვის განკუთვნილი შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი დანიშნოს;
- თუ ცხელების დაფიქსირების გამო, კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დანიშნოს სხვა წარმომადგენელი;
- ცხელების დაფიქსირების გამო, პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი, საარჩევნო სუბიექტის ახალი წარმომადგენელი კენჭისყრის შენობაში დაიშვება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ;
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ნინი ტაველიძე
ასევე ნახეთ:
არჩევნების ჩატარების კოვიდ-სტანდარტი საქართველოსა და მსოფლიოში – ძირითადი განსხვავებები










