ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ამომრჩევლებსაც უნდა შეეძლოთ. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ჩვენი პოზიცია არის, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკარანტინე სივრცეებში შესაძლებელია, რომ იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული.
ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენცირების გაკეთება. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომპეტენტურ პირებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.











