დღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებითვის ზუგდიდში გიგი უგულავა იბრძოლებს.
თუმცა, მაშინ როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ზუგდიდში გიგი უგულავას კანდიდატურა გააჟღერა და განაცხადა, რომ „ენმ“ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, ფაქტი უგულავამ კატეგორიულად უარყო.
„ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – ამბობდა უგულავა.
„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას „პრაიმტაიმნიუსთან“ რომან გოცირიძე ეხმაურება და ამბობს, რომ მათ სწორი და პრაგმატული ნაბიჯი გადადგეს.
„წინასწარმეტყველი გამოვედი ხომ ხედავთ, როგორც ლარის კურსთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზები არის 100%-იანი, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ პროგნოზებთან დაკავშირებითაც სწორი აღმოვჩნდი და ბატონი გიგი აღმოჩნდა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი.
გიგისთან მიმართებაში ეს განცხადება სპეციალურად არ გამიკეთებია. რაც იყო შეკითხვა, რომელ ოლქებში არის გამორიცხული, რომ ჩვენ ვინმეს დავუჭიროთ მხარი ვუპასუხე, რომ ეს არის ზუგდიდი და ქუთაისი.
ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი დასახელებული იყო, ზუგდიდში კი ჩვენ ყოველთვის გქვონდა ძლიერი პოზიციები.
ჩვენ გვეყოლება ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს.
რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დასახელება არის, სწორი და პრაგმატული, ამიტომაც სწორია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა თავისი კანდიდატები, სწორი იქნება, რომ ჩვენ დავასახელებთ ყველგან“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
გოცირიძე ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარკვეულ ოლქებში მეორე ტური ჩატარდება, სადაც ოპოზიცია ერთიანი იქნება.
„ვფიქრობ, უდიდეს ნაწილში მეორე ტური იქნება.
საბოლოოდ პრინციპი ოპოზიციის თანამშრომლობის არ იცვლება, მეორე ტურში გასულს მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს.
ამჟამად ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატზე ვფიქრობთ, მაჟორიტარებს ეტაპობრივად წარვადგენთ“, – ამბობს გოცირიძე.











