„აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს. თუ ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? – მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ეტაპი გვაქვს გასარკვევი და შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დავიჭიროთ“,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირეიბთ განაცხადა.
როგორც ირაგო ხვიჩია ამბობს, ცინიზმია, როცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს.
„არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი.
როგორც წინა ხელისუფლება მპასუხობს დაბნეულად უაზრობებს, როცა მათ ვეკითხები თავის დროზე მათ მიერ გადაღებულ კადრებზე, ზუსტად ასევე იქცევა ეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ მიერ გადაღებულ კადრებს. მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს, მაგრამ მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს – ეს არის ის, ვინც გადაიღო, ვინც გასცა ამაზე კურთხევა და არასოდეს უნდა აგვერიოს ისინი გამომქვეყნებლებში. გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.
ერთ-ერთი ჩანაწერი მეუფე ნიკოლოზსაც ეხება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ინფორმაციას აწვდიდა“. ამ საკითხზე მან მედიასთან განაცხადა: „ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანთან (ლოლიტა დანილინასთან) ვურთიერთობდი, სააკაშვილსაც გავაცანი“.










