კასპის რაიონში, სოფელ ქვემოჭალაში უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, გუშინ, გადაუღებელი წვიმის დროს, მდინარე ლეხურა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დაფარა.
„გუშინ მდინარე ისე ადიდდა, რომ პავლიაანთ უბანში მოსახლეობამდე მივიდა. გზის სავალი ნაწილი წყლით იყო დაფარული და გადაადგილების ვეღარ ვახერხებდით. პრობლემა იცით რაშია?! ადგილობრივები მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენებს რომ ყრის და ამის ხარჯზე მიწის ნაკვეთებს, რომ იდიდებენ. უკვე წლებია ასე გრძელდება.
გუშინ ტრაქტორით მდინარის შევიწროებული კალაპოტი გააფართოვეს. ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ეს მდინარე წელიწადში რამდენჯერმე დიდდება ხოლმე. წლების წინ გზის სავალი ნაწილი არაერთხელ წაუღია. თუ წვიმები გაგრძელდა შეიძლება უარესიც მოხდეს.“ – ამბობს მარეხი ყამბეგაშვილი.











