ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. ადიდდა სოფლის მდინარეები.
დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს კრიტიკული ლოკაციების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.
მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა სოფელ დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედაში და ოქტომბერში.
როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს,
სიტუაცია ამ დროისთვის მართვადია.
„უამინდობის გამო, მეწყრული პროცესი სოფელ ზვარესთან და სოფელ გულებში განვითარდა. ცენტრალურ გზაზე მოძრაობა არის, თუმცა შეფერხებით. ადგილზე მძიმე ტექნიკა იმყოფება და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე მივემართებით იმ საცხოვრებელ სახლებთან, სადაც სტიქია განვითარდა. შევისწავლით მათ მდგომარეობას“, – განაცხადა ლევან გორგილაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაშვილი











