“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-ის” ეთერში ცესკოს ფუნქციონირებაზე, არჩევნების შედეგების დათვლის პროცესზე და ცესკოს ხელმძღვანელზე, თამარ ჟვანიაზე საუბრობს.
მისი თქმით, თამარ ჟვანიამ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს და პროცესში სახალხო დამცველთან ერთად არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს.
“თამარ ჟვანიას შეუძლია გამოვიდეს კაბინეტიდან, მისი მოვალეობა შეასრულოს მაგალითად მისმა მოადგილემ, რომელსაც დამკვირვებლებად ეყოლება სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები.
თამარ ჟვანია აუცილებლად უნდა გადადგეს, მან მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღოს. ყველამ თავის ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.
30-40 უბანი რომ გადათვალეთ და მერე ეს პროცესი გააჩერეთ, შეგეშვათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ხომ არ მოდიან? მოდიან პარტიების წამომადგენლები, რა ციხესიმაგრესავით ხართ გამაგრებულები, გახსენით კარი და დაელაპარაკეთ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ელენე ნიჟარაძეს, რა პრობლემაა?
როდემდე უნდა გაგრძელდეს, რომ თაობიდან თაობამდე ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი ქარწყლდება იმის გამო, რომ ბიძიებს და დეიდებს არ შეუძლიათ ან პროფესიონალური მუშაობა, ან საზოგადოებრივი წესების დაცვა?
ჩემი მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ყველაფერი ვცადო, იმ ადამიანების კონსტიტუციური უფლების გამოყენებით, რომლებიც საპროტესტოდ გამოდის, ყველაფერი გავაკეთო.
ცუდად ამბობენ ქუჩაო, ეს ქუჩა კი არ არის, ან რევოლუციონერები კი არ არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ. რევოლუციონერი არის თამარ ჟვანია, როგორც თქვა მიშამ.
მიზანია, ისეთი შედეგის მიღწევა, როცა საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება, რომ 2022 წელს ნებისმიერი ხელისუფლება აიპების, სიპების და სხვა ინსტიტუტების მომავალი უმრავლესობის შესაქმენლად პროცესები არ წავა, როცა ხელისუფლება უზრუნველყოფს თავდაცვას, განათლებასა და ჯანდაცვას.
როცა ტელეეკრანებზე ადამიანები ჭიქებს კი არ ესვრიან ან დედას კი არ აგინებენ, არამედ – წაკითხული დოკუმენტებით დასხდებიან და ისაუბრებენ.
იცით მთვრობა ვის ჰგავს? – სანტექნიკოსს. სანამ ყველაფერი კარგად არის, ამას ვერავინ ამჩნევს, როცა სანტექნიკოსი დათვრება და თავის საქმეს არ გააკეთებს, უკაცრავად და ყველა ყავისფერ სუბსტანციაში ვართ ყურებამდე, აი ეს არის არჩევნები.” – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.











