ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ ტურისტი, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი. ამის შესახებ მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი მოსაზრება და ჩვენ ვთვლით, რომ დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვაქვს გაცილებით უფრო მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ვთვლით, რომ ტურისტების გადაადგილება იქნება უსაფრთხო უკვე ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკვე ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და სხვა უწყებების ჩართულობით განხორციელდეს ამის კონტროლი“, – განმარტა მინისტრმა.











