პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ ელენე ხოშტარიას ვაკის სამაჟორიტარო ოლქში სავარაუდოდ, კონკურენტს არ დაუყენებდნენ.
„მე პირადად ლაკას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპატიით ვარ. ჩვენ, ალბათ ელენეს არ დავუყენებთ” – აცხადებდა ხაზარაძე.
ამ დაპირების მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში ლევან კობერიძე იქნება.
გადაწყვეტილება თავის მხრივ გაუკვირდა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს მოულოდნელობა იყო”.
„პრაიმტაიმი“ „ლელოს“ გადაწყვეტილების მიზეზის ასახსნელად პარტიის წარმომადგენელს, კახა კოჟორიძეს დაუკავშირდა.
„მთავარი განმაპირობებელი იყო, რომ ვაკის ამომრჩევლებმა მოითხოვეს გვყოლოდა კანდიდატი, როცა გვეკითხებოდნენ რატომ არ უნდა გვყავდეს კანდიდატი, ამ კითხვაზე ლიდერებს პასუხი გაუჭირდათ. ნათქვამი გვქონდა რომ ყველგან ვაპირებდით მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას.
ასევე, პირველ ტურებში ჩემი აზრით, სტრატეგიულად არ არის სწორი, რომ ცოტა კანდიდატი იყოს, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, მით მეტი იქნება ალბათობა სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხებისა.
ჩვენი პირობა, მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერის თაობაზე ძალაშია, იგივეს მოველით კოლეგებისგან. თუ ელენე გავა მეორე ტურში მას დავუჭერთ მხარს, თუ გავა კობერიძე ჩვენ მოველით „ევროპული საქართველოსგან“ მხარდაჭერას.
ლევან კობერიძე არის პოლიტიკოსი, რომელიც ყოველთვის პრიციპულად აფიქსირებდა ხოლმე თავის პოზიციას და მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გარანტირებული ჰქონოდა არჩევნებში გამარჯვება, იმ შემთხვევაში თუ სახელისუფლებო პარტიას არ დატოვებდა, პრიციპულმა მიუღებლობამ გადაადგმევინა სწორი ნაბიჯი ოპოზიციაში წასვლის თაობაზე,“- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ კოჟორიძემ.
ვაკის სამაჟორიტარო ოლქში „ლელო-საქართველოსთვის“ კანდიდატი ლევან კობერიძე იქნება. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია. „ქართული ოცნებიდან“ ამავე ოლქში მაჟორიტარობისთვის ნოდარ ტურძელაძე იბრძოლებს.











