„ვაქცინა არის იმედის სხივი და დასასრულის დასაწყისი ეპიდემიისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა დროულად მიიღოს.
„ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს, ალბათ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა ვაქცინის გასაკეთებლად. ეს არ არის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ბევრი კითხვის ნიშანი ისმის ვაქცინის მოლოდინებთან დაკავშირებით, ამაზე მეცნიერები გვპასუხობენ, თუმცა ამასაც სჭირდება კომუნიკაცია.
ვაქცინა დღეს ჩვენთვის არის იმედის სხივი და ეს არის დასასრულის დასაწყისი ამ ეპიდემიისთვის და ამდენად ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან, რომ მივიღოთ დროულად დოზა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











