საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა ბოლო დღეების განმავლობაში იკლო, რაც ძალიან საგანგაშოა. მისი თქმით, ბოლო დღის მანძილზე აცრილთაგან უმეტესობა ვაქცინის მეორე დოზითაა აცრილი, პირველ დოზაზე რეგისტრაცია კი შემცირებულია.
“გუშინ, 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება”, — განაცხადა გაბუნიამ.
20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 655 040 აცრაა ჩატარებული, დღიურად აცრილია 7 720 ადამიანი.











