საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე 79-ე საარჩევნო უბანთან სროლას უარყოფს. ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვერ დაგიდასტურებთ სროლის ფაქტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სროლის ფაქტი არ ყოფილა. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოვახდენთ სწრაფად რეაგირებას“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით გლდანში დამკვირვებლის მისამართით გაისროლეს.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










