“ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.
“ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება”,- აცხადებს უდუმაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.











