„არჩევნები გაყალბდა და ვერანაირი „ისფედი“ და მისი პროცენტული მონაცემები ამ საკითხს ვერც გააუმჯობესებს, ვერც შეცვლის, ვერც ძველებურად დატოვებს“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, ეს არჩევნები იყო სამოქალაქო ომი ხალხის წინააღმდეგ.
„არჩევნების შედეგები იზომება ამომრჩევლების განწყობით და იზომება 3 700 უბანზე და რაც ამ უბნებზე მოხდა, ეს იყო სამოქალაქო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვერანაირი „ისფედები“ და „მისფედები“ ამას ვერ შეცვლიან, ვერ დააზუსტებენ, ვერ გადახრიან და გაალამაზებენ.
მე მთელი გულახდილობით მოგახსენებთ, რომ „ისფედის“ სახელი გავიგე პირველად ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც ბატონმა, ირაკლი კობახიძემ მოითხოვა, რომ მათი დათვლილი ოქმების მიხედვით, გადაგვეწყვიტა არჩევნების ბედი და საკითხი. ჩემთვის იყო მაშინაც ეს გაუგებარი და პირდაპირ დავუფიქსირე, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერანაირი „ისფედი“ და მისი პროცენტული მონაცემები ამ საკითხს ვერც გააუმჯობესებს, ვერც შეცვლის, ვერც ძველებურად დატოვებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











