ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა”კიევიდან ელოდება, რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ოპოზიციასთან შევჯერდით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დღეს დაიწყება.
„ჩვენ 2-3 კვირაში შევძელით და პარლამენტში არსებულ ოპოზიციასთან პრინციპულ საკითხებზე, რაც საარჩევნო რეფორმას ეხება, შევჯერდით. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში ასევე შევჯერდებით. რაც ეხება კონკრეტულად საარჩევნო რეფორმის პროცედურებს, იცით, რომ პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან, პირველი მოსმენით პრინციპულ დონეზე მივიღებთ როგორც კომიტეტებზე, ასევე სესიაზე ამ საკითხს. ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე დაჩქარებული ტემპებით მოხერხდეს რეკომენდაციების გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენით განხილვა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.









