საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
იგი იმედს იტოვებს, რომ სხვა ყველა დაკავებულიც მალე განთავსიუფლდება.
„ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გაათავისუფლებენ. ვიმედოვნებ, რომ ის თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრები საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, რომლის შედეგადაც ამ ადამიანს გამოუშვებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს და ასეთი საკითხები გააქტიურდეს”, – განაცხადა დეგნანმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათვისუფლებს.
ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევა დასდეს ბრალად.
აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.











