ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუპირისპირდება ერთობას და ეცდება ერთობის შებღალვას, ჩამოშლას მე მათ პოლიტიკურად დავუპირისპირდები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ძალიან ცუდია, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ძალიან ბევრ ეთერში, ვინც არ უნდა იყოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუპირისპირდება ერთობას და ეცდება ერთობის შებღალვას, ჩამოშლას მე მათ პოლიტიკურად დავუპირისპირდები.
უბრალოდ, არასწორია მიზეზებად რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოყვანა და ამით რაღაც საბაბის შექმნა, თითქოს ცალკეული ადამიანები არიან ხელშემშლელები და ამიტომ რახან ისინი არიან ცუდები, პარლამენტში უნდა შევიდე?
ამას ჰგავს ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, ალეკო ელისაშვილი და ნებისმიერი სხვა კიდევ უფრო კარგ და მკვეთრ განცხადებებს გააკეთებენ, რაც საზოგადოებაში გააქრობს ყველა მითქმა-მოთქმას იმასთან დაკავშირებით, აპირებენ ისინი ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში შესვლას, თუ არა. მე რატომ მაქვს მოლოდინი, რომ არავინ არ შევა? იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება აღმოაჩნდეს იმდენად სითამამე და გამბედაობა, რომ საკუთარი თავის განადგურებაზე ხელი მოაწეროს.
საკუთარი თავის განადგურებაზე ხელს ვინც მოაწერს, ის უბრალოდ პოლიტიკოსი ვეღარ იქნება, ბიძინა ივანიშვილი მაინც ვერ იტყვის, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდაო, როდესაც ერთი ან ორი პოლიტიკოსი შევა პარლამენტში და ამით დაუკანონებს ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს. საზოგადოება ხომ არ ჩათვლის, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამეტში. ყველა ჩათვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ერთი, ორი ან სამი ადამიანი და იქნებიან არა 90, არამედ 93. მე დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ამ სასაკლაოს საკუთარ თავებს არავინ არ მოუწყობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.










