ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ჩართვისთვის მზადაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი განცხადებაში საუბრობს.
„ევროპარლამენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონის მცდელობებს მედიაციის პროცესში. ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ევროკავშირის მედიაციის მცდელობების წარმატება დამოკიდებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების და შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობენ.
როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი წევრი, მზად ვარ, სრულად ჩავერთო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა პოლიტიკურ მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.











