„ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ვეცდებით, „ქართული ოცნებიდან“ კოლეგები დავარწმუნოთ, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმ საქმეზე, რაზეც ერთხელ უკვე შეუწყდა, არასწორია“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების პროცესს დააბრკოლებს.
„დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ისეთი კოლეგები, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. რატომ არ მოვუხსენით დეპუტატებს უფლებამოსილება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოფილიყო. ამ სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს.
ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მის გადასაწყვეტია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით, კარგი არაფერი მოხდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს – ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთაა და მოლაპარაკებები ვერ გრძელდება. მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭიროა ნდობის აღდგენა და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაბრკოლებელი იქნება“,- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობსითვის, ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. ნიკა მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.
პროკურატურამ ნიკა მელიას პატიმრობაზე თანხმობისთვის პარლამენტს მიმართა.










