„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ისტორიული გამარჯვება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს ომზე საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა.
ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს სარჩელს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები უხეშად დაარღვია.
ვულოცავ მთელ ქვეყანას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში და ქვეყანა ამ წარმატებამდე მიიყვანა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.










