პანდემიიდან 8 თვის თავზე მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. კორონავირუსის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყეს.
1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები.
VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი აუდიტორიებში სწავლას 19 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებში წესების დაცვა, რათა ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი თავიდან ავიცილოთ.
უნდა მივიდნენ თუ არა ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები სკოლაში, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვის სკოლაში გაშვებამდე, რა რეკომენდაციები აქვს WHO-ს აღნიშნულ საკითხებზე,- ამ სტატიაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს მიმოვიხილავთ.
უნდა მივიდნენ თუ არა ქრონიკული დაავადების (დიაბეტი, ასთმა, ჭარბი წონა) მქონე ბავშვები სკოლაში
ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების სკოლაში დაბრუნება დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე, საზოგადოებაში არსებულ ეპიდვითარებასა და იმ დამცავ ზომებზე, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების შესამცირებლად სკოლამ და სახელმწიფომ გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, ბავშვები, მოზრდილებისგან განსხვავებით, რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება მაინც აუცილებელია, რათა ბავშვებს შორის ვირუსით ინფიცირების რისკი შემცირდეს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის სარგებელი, რაც ბავშვების სკოლაში სიარულს მოაქვს.
ამჟამინდელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების (ასთმა, დიაბეტი, კიბო, სიმსუქნე) შემთხვევაში ვირუსის მძიმე ფორმები და მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს. როგორც ჩანს ეს ბავშვებსაც ეხებათ. თუმცა, ამ საკითხზე მაინც მეტი ინფორმაციის ცოდნაა აუცილებელი.
უნდა მივიდნენ თუ არა ქრონიკული დაავადების მქონე მასწავლებლები და სასწავლო პერსონალი სკოლაში?
60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში არიან. სიკდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ასაკში ბევრად მაღალია და ვირუსის მძიმე ფორმები გვხვდება. მათი სკოლაში დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეპიდვითარება და რა ზომები აქვს გატარებული თვითონ სკოლას კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი ბავშვებისთვის
ინკუბაციური პერიოდი ბავშვებისთვის იგივეა, რაც მოზარდებისთვის – ძირითადად 5-6 დღე. თუმცა, ხშირად მერყეობს 1-14 დღემდე.
რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლაში
WHO-ს რეკომენდაციები ასეთია
- სწრაფი ტესტირება, მოხდეს კონტაქტების ადრეული გამოვლენა და მათი კარანტინში გადაყვანა. კლასტერების გამოვლენა, სოციალური დისტანციის დაცვა. აუცილებელია სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ჰიგიენის საშუალებებით და ბავშვებმა ატარონ პირბადე. რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა გამოიყენონ დამცავი ფარი. ასევე, აუცილებელია სწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ვირუსის შემთხვევების შემცირებაში დიდ როლს თამაშობს.
- გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ასაკი და რამდენად ხვდებიან პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას. მცირეწლოვნებს, შესაძლოა, გაუჭირდეთ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლად ჯგუფში მყოფ ბავშვებს.

- კლასებში მოსწავლეებს შორის უნდა იყოს დაცული 1 მეტრიანი დისტანცია.
- სკოლებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური გრაფიკი როდის მოხდება დეზინფექცია. ასევე, ხშირად უნდა მოხდეს საერთო მოხმარების საგნების გაწმენდა.
- სკოლებმა აქტიურად უნდა გაატარონ „დარჩი სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობ“ პოლიტიკა. ექიმების რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც მშობლები გადაწყვეტენ როდის შეიკავონ თავი ბავშვების სკოლაში გაშვებისგან.
- უნდა მოხდეს მაღალ-რისკ ჯგუფში მყოფი მოსწავლეებისა და სასწავლო პერსონალის იდენტიფიცირება, რათა მათ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეთ.
- სკოლამ უნდა დაამყაროს აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან და ბავშვებთან.
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების სკოლაში გაშვების წინ
- მუდმივად აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ ცუდად გრძნობს თავს, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში.
- აჩვენეთ როგორ უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა : დაიბანეთ მასთან ერთად ხელები საპნით. საპონის არქონის შემთხვევაში აჩვენეთ, როგორ უნდა გამოიყენოს ხელის სადეზინფექციო სითხე.
- დარწმუნდით, რომ სკოლაში სასმელი წყალი ხელმისაწვდომია და ტუალეტები მუდმივ რეჟიმში სუფთავდება.

- ასწავლეთ, რომ დაცემინების დროს გამოიყენოს ხელსახოცი ან იდაყვი და არ შეეხოს ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
- ასწავლეთ, ემოციების გამოხატვა და კითხვების დასმა. გახსოვდეთ, რომ სტრესზე ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ.
- იხელმძღვანელეთ მხოლოდ სწორი ინფორმაციით და თავი აარიდეთ სტიგმას. ხშირად შეახსენეთ ბავშვებს, რომ უნდა იზრუნონ სხვა მოსწავლეებზე.
- მუდმივი კომუნიაცია გქონდეთ სკოლასთან.
რჩევები სტუდენტებსა და მოსწავლეებს
- ასეთ სიტუაციაში სრულიად ბუნებრივია თუ მოწყენილი, დაბნეული, შეშინებული და გაბრაზებული ხართ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ და ყოველთვის შეგიძლიათ ამაზე მშობელს, მეგობარს, მასწავლებელს ესაუბროთ.
- დასვით შეკითხვები და მიიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან.
- იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გარშემომყოფებზე.

- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით 20 წამის განმავლობაში, არ შეეხოთ სახეს.
- არ გაუზიაროთ სხვებს თქვენი ჭიქა, ჭურჭელი, საკვები ან სასმელი.
- დაცემინების დროს გამოიყენეთ ხელსახოცი ან იდაყვი.
- თუ თავს ცუდად გრძნობთ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ოჯახის წევრს ან მასწავლებელს.
რამდენად დიდია ბავშვის ვირუსით ინფიცირების რისკი სახლი-სკოლა-სახლი ტრანსპორტირების დროს

ინფიცირების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ბავშვებმა დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და ხელის სადეზინფექციო სითხე.
სასკოლო ავტობუსების შემთხვევაში აუცილებელია ორადგილიან სკამებზე მხოლოდ ერთი ბავშვი განთავსდეს.
ასევე, ტრანსპორტში აუცილებელია ფანჯრები გახსნილი იყოს, რათა ჰაერი მუდმივად იწმინდებოდეს.
უნდა ატარონ თუ არა პირბადე ბავშვებმა და სასწავლო პერსონალმა სკოლაში?
ისეთ ქვეყნებში ან ადგილებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია და სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია ბავშვებმა ატარონ პირბადე.
ნიღბის ტარება რეკომენდაციების მიხედვით:
5 წლის ქვემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება არაა სავალდებულო

6-11 წლის ასაკში – რისკის დონიდან გამომდინარე (გათვალისწინებული უნდა იყოს ეპიდვითარება)
12 წლიდან ზემოთ – ეროვნული გაიდლაინების მიხედვით
მასწავლებლებმა და სასწავლო პერსონალმა პირბადე უნდა ატაროს იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
არსებობს რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები სკოლაში ვენტილაციისა და კონდიციონერის გამოყენების შესახებ
დიახ. აუცილებელია ჰაერის ნაკადმა მაქსიმალურად შეაღწიოს დახურულ სივრცეებში. ყველაზე კარგი გამოსავალი არის ბუნებრივი ვენტილაცია (ანუ ფანჯრების გახსნა). აუცილებელია სასწავლო პროცესი დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მოხდეს შენობის შენობის ბუნებრივი განიავება-ვენტილაცია.
არიან თუ არა ბავშვები, მოზარდებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკის ქვეშ, ვიდრე მოზარდები
WHO-ს ინფორმაციით, დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით, 18 წლამდე ბავშვები დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 8, 5%-ს შეადგენენ. ბავშვებს კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ფორმები აღენიშნებათ და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მოზრდილებთან შედარებით, დაბალია. თუმცა, ამის პარალელურად ბავშვებში კოვიდის მძიმე ფორმებიც დაფიქსირდა. როგორც მოზრდილების შემთხვევებში, ასევე ბავშვებთანაც რისკ-ფაქტორად ქრონიკული დაავადებების ქონა სახელდება.
ამ საკითხზე კვლევები კვლავ გრძელდება.
რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში
რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ბავშვებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ და ხშირად სიმპტომები საერთოდ არ უვლინდებათ. ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა თინეიჯერებში უფრო მაღალია, ვიდრე ბავშვებში.
წინასწარი კვლევების თანახმად, სკოლების გახსნამ, შესაძლოა, საზოგადოებაში ვირუსის ფართო გავრცელებაზე მცირედი გავლენა მოახდინოს. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე შესწავლას საჭიროებს.
ნინი ტაველიძე, PTN.GE











