ვაქცინების უთანასწორო განაწილება მხოლოდ მორალური კატასტროფა არ არის. ეს მარცხს ნიშნავს როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მიერ COVAX-ს პლატფორმისაგან მიღებულ კორონავირუსის ვაქცინების რაოდენობას შორის განსხვავება ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები ახლა იმაზე ფიქრობენ რეალურია თუ არა ის დაპირებები, რასაც მდიდარი ქვეყნები სოლიდარობაზე საუბრისას დებენ. ვაქცინების უთანასწორო განაწილება მხოლოდ მორალური კატასტროფა არ არის. ეს მარცხს ნიშნავს როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
ზოგიერთი ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ მთელი მოსახლეობა აცრას. მაშინ, როდესაც ქვეყნების ნაწილს საერთოდ არ დაუწყია ვაქცინაცია. ეს მხოლოდ მოკლევადიან უსაფრთხოებას ნიშნავს. მანამდე, სანამ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, ახალი ვარიანტები წარმოიშობა. ადამიანები დაიღუპებიან. ეკონომიკის აღდგენა კი შეფერხდება“,- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.











