ბეირუთის გუბერნატორის მარუან აბუდის განცხადებით, მძლავრი აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი 3-დან 5 მილიარდ დოლარამდეა.
„ზიანის ზომა 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე აღწევს და შესაძლოა ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადა ლიბანის დედაქალაქის გუბერნატორმა.
დედაქალაქის გუბერნატორის თქმით, მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა მანამდე ქვეყნის პირველი პირები აცხადებენ, რომ ტრაგედია იმ საწყობიდან დაიწყო, სადაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ბეირუთის პორტში, 6 წლის მანძილზე ინახებოდა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.
უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ამონიუმის ნიტრატი ინდუსტრიული ქიმიური ნაერთია, რომელსაც, ძირითადად, სასუქებში იყენებენ, თუმცა ის ასევე გამოიყენება სამთო ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად.
ექსპერტების აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ნივთიერებისგან გამოწვეული აფეთქების ლიკვიდაცია საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ განსაკუთრებული ზომების მიღების შემთხვევაში ხერხდება.
ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების სედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზრდა.
ლიბანის პრეზიდენტმა მომხდარის გამო ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 5 აგვისტო გლოვის დღედ.
ასევე, „სიენენის“ ცნობით, აფეთქება საწყობში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო.
ბეირუთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ გიორგი გახარია.
ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ლიბანის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამენ აშშ, საფრანგეთი, ეგვიპტე და რუსეთი. ასევე, სირიამ გახსნა საზღვარი დაზარალებულთა გადმოსაყვანად.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოები დაშავებულებს ვეღარ იტევს, რადგან სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც გადატვირთულია.












