შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი დიმიტრი ბარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა.
„ოპერატიული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად, კოლეგებთან ერთად, მან სახლის ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვნის ადგილსამყოფელი დროულად დაადგინა და 11-წუთიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად, 10 წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საუბარია შემთხვევაზე ზუგდიდში, როცა დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ხოლო ნანგრევებში 11 წლის გოგონა მოჰყვა.
„დედაჩემი მეძახდა, რომ ამომიყვანეს, წყალს მასხამდნენ, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა”, – ამბობდა გადარჩენილი ბავშვი.
შემთხვევა ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში, 2020 წლის ივნისში მოხდა.
ავტორი: თეა შონია











