ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაყავთ.
შემოსაზღვრული ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკა რამდენიმე წუთის წინ გაიყვანეს.
ადგილზე რა ტიპის ტექნიკა რჩება ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით, ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბანკზე თავდამსხმელი აყენებდა.
„საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად რამდენიმე საათის წინ აიყვანა.
მომხდარის გამო ჯავშანტექნიკა ბანკის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული.
შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი მოქალაქეებიდან ორი ადამიანი უკვე გაათავისუფლა, ნაწილი კი კვლავ ბანკში რჩება.
თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს და ვერტმფრენს ითხოვს, რათა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია











