70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვასა და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელებსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.











