დღეს შედგა პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, როგორ ვაპირებთ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების ასახვას კანონმდებლობაში და ვთხოვეთ, რომ თავიანთი მოსაზრებები გამოაგზავნონ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან განსხვავებული წესი შემოდის ცესკო-ს დაკომპლექტების. ამ წესის მიხედვით ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.










