რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან გაწერეს.
ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.
მოგვიანებით, ნავალნის გუნდმა სოციალური ქსელ Instagram-ზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ალექსეი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში.











