აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
ბათუმსა და ქობულეთში და გუშინდელი მონაცემებით, აცრა ჩაუტარდა 389 პირს. ხოლო მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი კი ძირითადად დაბალი მიმართვიანობაა.
„აჭარაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო 15 მარტიდან. თავიდანვე ჩაერთო ოთხი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფო და სამი ტრადიციულად იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი და გამოცდილი პირველადი ჯანდაცვა. 17 მარტს შეუერთდა მას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება, ხოლო 18 მარტიდან ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრები.
ყველა დაწესებულება აღჭურვილია სათანადოდ და პერსონალი, რომელიც არის ჩართული იმუნიზაციის პროცესში, არის გადამზადებული. აჭარაში გამოყოფილი 3980 ვაქცინიდან გუშინდელი საღამოს მდგომარეობით აცრილი იყო 389 პირი. თავიდანვე იყო ძალიან მზარდი ტენდენცია ვაქცინაციაზე, გუშინაც ჩატარდა ვაქცინაცია, 19 პირს ჩაუტარდა და დღესაც არის დაჯავშნული. რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს მიღებას. არ ყოფილა გართულება დაფიქსირებული, თუმცა თანამდევი სიმპტომატიკა, მცირე, რომელიც შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას არის ძალიან უმნიშვნელოდ გამოხატული თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება,“,- განაცხადა აჭარის,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ნაკლებმიმართვიანობას ისიც განაპირობებს, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მედპერსონალის არის კოვიდგადატანილი და ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ზღუდავს ვაქცინაციას, გახლავთ 120 დღის გავლის პერიოდი. დღეს აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 15 ჯავშანია გაკეთებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











