აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აპირებენ ყოფნას და შესაბამისად, ცივი ამინდის გამო, ადგილზე ცეცხლის დანთების გადაწყვეტილება მიიღეს.
ცესკო-სთან აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.











