„ბოიკოტს აზრი მაშინ ჰქონდა, როცა ყველა ბოიკოტში ვიყავით, პარლამენტი იყო ერთპარტიული და იქ 100-ზე მეტი დეპუტატი არ იყო. ახლა, უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც შეუძლიათ ჩვენს გარეშე, ამიტომ ბოიკოტით ვერ მიიღწევა ის მიზნები, რასაც ემსახურებოდა, ამიტომ, ვფიქრობ, შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით “წითელი ხაზი” ჩემთვის ნამდვილად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ პარლამენტში”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“არც მომწონს, არც მეხალისება და იქ მუშაობის არანაირი სურვილიც არ მაქვს ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად, ვგულისხმობ, “ქართულ ოცნებას” და იმ გაურკვეველი წარმომავლობის ოპოზიციას, რომელებსაც ახლა მისამართები აერია. ერთადერთი, პარტიაში არ არიან შესულები, თორემ ეჭვი მაქვს, რომ მაგალითად, ალეკო ელისაშვილი “მესიჯ-ბოქსების ჩატში” უკვე ზის. ვფიქრობ, რომ პარტია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ამას როგორც მოცემულობას მივიღებ. რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონი არის “წითელი ხაზი” და ამ მიმართულებით მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც უკვე შევიდნენ პარლამენტში, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული”, – აცხადებს ხაბეიშვილი.










