აშშ-ში გაზაფხულზე რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სუნთქვის აპარატები რუსეთიდან ტრანსპორტირების დღიდან არ გამოყენებულა. მათივე ინფორმაციით, სუნთქვის აპარატები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში საწყობში მას შემდეგ ინახებოდა, რაც ტექნიკური პრობლემების შესახებ გახდა ცნობილი.
კერძოდ, რუსეთისგან მიღებული ხელოვნური სუნთქვის აპარატების აშშ-ში გამოსაყენებლად საჭირო იყო ელექტროადაპტერები, რომლებიც საავადმყოფოებს არ ჰქონდათ.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მოდელის რამდენიმე მოწყობილობას რუსეთის საავადმყოფოებში ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ კი, მათი წარმოება შეაჩერა.
რუსეთისგან აპრილში მიღებული სამედიცინო მოწყობილობების სანაცვლოდ, აშშ-მა მომდევნო თვეებში რუსეთს 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა.











