აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. „თავისუფლების კვარტალში“ „სახალხო გენინსპექციის“ წარმომადგენლებმა იმ პოლიციელების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც, მათი განცხადებით, აჭარბებენ უფლებამოსილებას და ძალადობენ აქციის მონაწილეებზე.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბონდო თედორაძე აცხადებს, განცხადება მზად აქვთ და ორშაბათს პროკურატურას მიმართავენ კონკრეტული პოლიციელების მიმართ სამართლებრივი ძიების დაწყების მოთხოვნით.
„ეს პერფორმანსი ნიშნავს იმ მოძალადე პოლიციელების ფოტოების გამოფენას, რომლებმაც არაერთხელ დაარბიეს ჩვენი აქცია, მშვიდობიანი მონაწილეები, გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კონკრეტული ფაქტები გვაქვს ხელით შეხების, ფიზიკურ ანგარიშსწორების პოლიციელების მხრიდან.
ეს ადამიანები გამოირჩევიან დამამცირებელი, პროვოკაციული საუბრით და ა.შ. წარმოდგენილი პირები, განსაკუთრებით ადუაშვილი, მაღრაძე და ჭედიშვილი, სპეციალურად ყავს ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი აჭარაში ზონდერ პოლიციელები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და მათ დავალებული აქვთ, აჭარაში თავისუფალი აზრი და საპროტესტო მუხტი ჩაახშონ ძალადობის გზით.
არ არსებობს ფაქტი, სადაც ჩვენი აქციის მონაწილეები არღვევდნენ კანონს.
არავინ არ მსჯელობს, მათ შორის სასამართლოც, რას ნიშნავს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა.
ჩვენ აქციის ფარგლებში გვაქვს სტიკერების, ბუშტების გაკვრის უფლება. თუ არ მოსწონს ეს პოლიციას, მათი საქმეა, მაგრამ როცა მოგვიწოდებს, რომ აღნიშნული არ გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ? ეს მოწოდება თავიდანვე არასწორი მოწოდებაა“, – აცხადებს ბონდო თედორაძე.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია 24 საათიან რეჟიმში აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











