საჯარო სამართლის იურიდიული პირის- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრ შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. შოთა გუჯაბიძეს ბრძანება დღეს ჩაბარდა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის მიზეზად ამ უკანასკნელის მიერ სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაასახელა.
„საბჭოს წევრს საბჭოს საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე ევალება კვალიფიციური შეფასება გააკეთოს თითოეულ განსახილველ საკითხზე და მისცეს რეკომენდაცია დირექტორს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე. სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ იქნა გამოთქმული თხოვნა საბჭოს რიგი წევრების მიმართ, რათა კონკრეტულ საკითხზე ნებართვის მაძიებელს მიეცეს სწორი და ადეკვატური შეფასება.
სამწუხაროდ ოქმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში შესამჩნევია, რომ საბჭოს წევრი საზოგადოება “ბათომიდან” შოთა გუჯაბიძე ახორციელებს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ძირითადად დაკავებულია სააგენტოს მართვის სისტემის შეფასებით და არ ახორციელებს კონკრეტულ, პროფესიულ შეფასებებს პროექტიდან გამომდინარე. საბჭოს სხდომის ოქმებში ნათლად იკითხება, რომ შოთა გუჯაბიძე საბჭოს სხვა წევრების მიმართ გამოხატავს შეურაცხმყოფელ შენიშვნებს. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რაცხავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენად, რაც მიგვაჩნია, რომ არის ცილისმწამებლური გამონათქვამები“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს.
შეგახსენებთ, შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი 2013 წლიდან არის.
ის ერთ-ერთია სააგენტოს სამ წევრს შორის, რომელმაც ბათუმის ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას მხარი არ დაუჭირა.
გუშინ ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის საპროტესტო აქციაზე შოთა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ მშენებლობა უკანონოა და ნებართვა კანონმდებლობის დარღვევით არის გაცემული. მისივე განცხადებით, ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებას აპირებს, ეს იქნება აქციები თუ სასამართლო, რათა არ დაუშვან ბულვარში უკანონო მშენებლობა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











